„გაზპრომ არმენია“ აცხადებს, რომ გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით შეაჩერებს

გაზპრომ არმენია

კომპანია „გაზპრომ არმენიამ“ განაცხადა, რომ სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დროებით შეაჩერებს.

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია–ამიერკავკასიაზე“ გეგმური პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 15-დან 25 სექტემბრამდე აღნიშნული გაზსადენით სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სომხეთის გაზმომარაგება შეზღუდვების გარეშე გაგრძელდება, შიდა რეზერვებისა და ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ხარჯზე.

ცნობისთვის, გასულ კვირას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთში გაზზე „ყველაზე მაღალი ფასწარმოქმნაა“ და არ არსებობს სფერო, სადაც ხელისუფლება დივერსიფიკაციაზე უარს იტყვის.

„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც ცნობილია, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ევროკავშირთან დაახლოების გეგმების შესახებ განცხადებებისა და სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსეთის მხრიდან სომხეთიდან რძის პროდუქციის, ბოსტნეულის, ხილის, ყვავილების, ალკოჰოლის, წყლისა და თევზის პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვები დაწესდა. მოსკოვი ასევე ერევანს ემუქრებოდა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების უბაჟო მიწოდების შესახებ შეთანხმების შეჩერებით ან გაუქმებით. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდა, ჩაატაროს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი და დატოვოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.