1756282010
გაერო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში, ნასერის საავადმყოფოზე იერიშს ეხმაურება - „ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია, ბევრი კითხვა ჩნდება, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული“

გაერო ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე დარტყმებს ეხმაურება.
როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, ტამინ ალ-ხიტანმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით საჭიროა გამოძიების ჩატარება.
„ეს შოკის მომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტებისთვის დამიზნებასთან დაკავშირებით და ყველა ასეთი შემთხვევა აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული, პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ამ გამოძიებებმა რეალური შედეგები უნდა მოიტანოს, სამართლიანობა უნდა აღდგეს“, – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენელმა, ტამინ ალ-ხიტანმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წინასწარი გამოძიების თანახმად, თავდასხმის სამიზნე იყო „ჰამასის მიერ დაყენებული კამერა“. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან ექვსი ტერორისტი იყო და ჟურნალისტები მათი სამიზნე არ ყოფილან.
შეგახსენებთ, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე ნასერის საავადმყოფოზე დარტყმებს 20 ადამიანი, მათ შორის ხუთი ჟურნალისტი ემსხვერპლა. ამასთან, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში 62 819 ადამიანი დაიღუპა.