გაერო „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან – ანტონიუ გუტერეში

antonio gutereshi

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია „გარდაუვალი ფინანსური ჩამოშლის“ საფრთხის წინაშე დგას, რადგან წევრი სახელმწიფოები გადასახადებს არ იხდიან, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

როგორც გუტერეშმა განაცხადა, გაერო ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და თანხები შესაძლოა, ივლისისთვის ამოიწუროს.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა 193-ვე წევრი სახელმწიფოსადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად მათ, ან სავალდებულო გადასახადები უნდა გადაიხადონ, ან ორგანიზაციის ფინანსური წესები უნდა გადაიხედოს.

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაერო-ს უმსხვილესმა გადამხდელმა, აშშ-მა უარი თქვა რეგულარულ და სამშვიდობო ბიუჯეტებში შენატანის განხორციელებაზე და რამდენიმე სააგენტოდან გასვლის შესახებ განაცხადა. აშშ ამტკიცებს, რომ ეს „გადასახადების გადამხდელთა ფულის ფლანგვაა“. რამდენიმე სხვა წევრს დავალიანება აქვს ან უბრალოდ უარს ამბობს გადახდაზე.