Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

სარაკეტო სისტემა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

თუმცა, ხუთი თვისა და ასობით ამერიკული იერიშის მიუხედავად, ირანმა შეძლო სარაკეტო ძალების საბრძოლო ეფექტიანობის შენარჩუნება და კვლავაც ახორციელებს, როგორც ჩანს, მაღალი სიზუსტის დარტყმებს რეგიონის სხვადასხვა ობიექტზე.

გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო შეტევებს ამერიკელი სამხედროები ემსხვერპლნენ იორდანიაში მდებარე ყაზარმებში. ირანმა არაერთხელ დაარტყა შენობებს, ქუვეითისა და ბაჰრეინის მსხვილ სამხედრო ბაზებზე, ასევე სამიზნეში ამოიღო ობიექტები საუდის არაბეთსა და კატარში. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის სამხედროებმა მარტსა და აპრილში ინტენსიური დაბომბვების პერიოდში მიღებული გამოცდილებაც გაითვალისწინეს.

ექსპერტების აზრით, აპრილში ძალაში შესულმა მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ და ბოლო კვირებში აშშ-ის შედარებით ნაკლებად ინტენსიურმა კამპანიამ, რომელიც ძირითადად სამხრეთ ირანზე იყო კონცენტრირებული, ირანულ სარაკეტო დანაყოფებს უფრო ორგანიზებულად მოქმედების შესაძლებლობა მისცა. მათივე თქმით, ბოლო დაპირისპირებაში ისრაელის არმიის არმონაწილეობამაც ირანზე ზეწოლა შეამცირა.

„სროლა გაცილებით ადვილია, როდესაც თავად არ გესვრიან“, - ამბობს საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის ექსპერტი ნიკოლ გრაევსკი. მისი თქმით, ირანს აღარ უწევს გამშვები დანადგარების მუდმივი გადაადგილება, რაც ოპერაციულ გარემოს ბევრად უფრო ხელსაყრელს ხდის.

როგორც Financial Times-ი წერს, გასულ უქმეებზე საბრძოლო მოქმედებები დროებით შეჩერდა, რადგან შუამავლები მხარეების სრულმასშტაბიან ომში დაბრუნების თავიდან აცილებას ცდილობდნენ. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული კვირის ბოლოს ირანს „მასშტაბური შეტევით“ კიდევ ერთხელ დაემუქრა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვაშინგტონს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისას საკუთარი სარაკეტო მარაგების გათვალისწინებაც მოუწევს, მათ შორის ძვირად ღირებული ანტისარაკეტო სისტემების, რომლებიც ირანის შეტევების მოსაგერიებლად გამოიყენება.

28 თებერვლიდან 8 აპრილამდე აშშ და ისრაელი აქტიურად ცდილობდნენ ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარებისა და ეკიპაჟების აღმოჩენასა და განადგურებას. ისინი ბომბავდნენ მიწისქვეშა სარაკეტო ბაზების შესასვლელებს, რათა სამხედროები შიგნით მოემწყვდიათ, ხოლო თავზე მუდმივად მოქმედებდნენ სადაზვერვო დრონები და საბრძოლო ავიაცია, რომლებიც გამშვები დანადგარის აღმოჩენისთანავე რეაგირებდნენ.

თუმცა, გრაევსკის შეფასებით, ირანელი ინჟინრები უკვე ახერხებენ დაზიანებული ინფრასტრუქტურის სწრაფ აღდგენას და მიწისქვეშა ბაზების ხელახლა ამოქმედებას.

„ისინი კვლავაც სერიოზულ საფრთხედ რჩებიან“, — აცხადებს ის.