ევროპელი ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ევროპელი ლიდერები

ევროპელი ლიდერები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას, რომ ბრძოლა დაუყოვნებლივ შეწყდეს და არსებული საკონტაქტო ხაზი უნდა გახდეს მოლაპარაკების საწყისი წერტილი, – ნათქვამია ევროპელი ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთზე უნდა გაძლიერდეს ზეწოლა იქამდე, ვიდრე ვლადიმერ პუტინი მშვიდობისთვის მზაობას არ გამოხატავს.

„ჩვენ ერთიანი ვართ, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, რომელსაც უკრაინელი ხალხი იმსახურებს. ვრჩებით ერთგული პრინციპისა, რომ საერთაშორისო საზღვრები არ შეიძლება ძალისმიერი გზით შეიცვალოს.

რუსეთის გაჭიანურების ტაქტიკა ყოველ ჯერზე აჩვენებს, რომ უკრაინა არის ერთადერთი მხარე, რომელიც სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობისთვის. ყველა ვხედავთ, რომ პუტინი განაგრძობს ძალადობისა და დესტრუქციის არჩევას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ გვესმის, რომ უკრაინას მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია უნდა ჰქონდეს ცეცხლის შეწყვეტამდე, მის დროს და შემდეგაც. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის ეკონომიკასა და მის თავდაცვის ინდუსტრიაზე, ვიდრე პუტინი მზად არ იქნება მშვიდობისთვის. ჩვენ ვამუშავებთ ზომებს, რათა სრული მოცულობით გამოვიყენოთ რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივები, რომ უკრაინამ მიიღოს აუცილებელი რესურსები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები მიმდინარე კვირის მიწურულს ევროპულ საბჭოსა და უკრაინის მსურველთა კოალიციის ფარგლებში შეიკრიბებიან და განიხილავენ გზებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის.