ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსება, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება აღდგეს, რასაც კიევი დათანხმდა

ურსულა

ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის თავმჯდომარის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ „ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოეს წევრ სახელმწიფოებთან და უკრაინასთან ყველა დონეზე, რათა აღდგენილიყო ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში“.

განცხადების თანახმად, „დრუჟბას“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.

„უკრაინელები ამ წინადადებას მიესალმენ და მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უნგრეთსა და სლოვაკეთში „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. უკრაინული მხარის განცხადებით, ნავთობსადენი რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს პოლიტიკური მიზეზებით ნავთობის მიწოდების შეწყვეტაში ადანაშაულებენ.