1756322176
ევროკავშირი განიხილავს მეორადი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, რათა მესამე ქვეყნებს არ მისცეს საშუალება, რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში დაეხმარონ - „ბლუმბერგი“

„ბლუმბერგის“ ცნობით, ევროკავშირი განიხილავს მეორადი სანქციების შემოღების შესაძლებლობას, რათა მესამე ქვეყნებს არ მისცეს საშუალება, დაეხმარონ რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმის გამოყენებას კვირის ბოლოს კოპენჰაგენში განიხილავენ.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ეს მექანიზმი, რომელიც 2023 წელს მიიღეს, თუმცა ჯერ არ გამოყენებულა, ითვალისწინებს გარკვეული საქონლის ექსპორტის, მიწოდების ან გადაცემის აკრძალვას იმ მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მიერ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას. შესაბამისი განხილვა გაგრძელდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მომდევნო, რიგით მე-19 სასანქციო პაკეტის მოსამზადებელ პროცესთან ერთად.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ეს პაკეტი მოიცავს სანქციებს უკრაინელი ბავშვების გატაცებაში ჩართული პირების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ცალკე განიხილავენ დამატებით სანქციებს რუსეთის ნავთობისა და გაზის, საფინანსო სექტორების მიმართ, აგრეთვე რუსული საქონლის იმპორტისა და ექსპორტის საკითხს.