26 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1787681261
საფრანგეთი ითხოვს, ვადა განესაზღვროს იმ საგამონაკლისო წესებს, რომლებიც უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ევროკავშირის მიღმა თავდაცვითი შესყიდვების განხორციელების უფლებას აძლევს, - წერს Euronews.
ამ ნაბიჯით პარიზი ევროპელი - და კერძოდ, ფრანგი - მწარმოებლების პოზიციების გაძლიერებას ცდილობს. ამჟამად კიევი სარგებლობს გამონაკლისით, რაც მას ჩინური და ამერიკული კომპონენტების შესყიდვის საშუალებას აძლევს.
Euronews-ის ინფორმაციით, საფრანგეთი ამჟამად ითხოვს საგამონაკლისო წესების მოქმედების ვადის შეზღუდვას, რისი მიზანიც იმის უზრუნველყოფაა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დაფინანსების დიდი ნაწილი ევროპულ - და შესაძლოა, ფრანგულ - თავდაცვით წარმოებას მოხმარდეს.
აპრილში ევროკავშირის ქვეყნებმა დაამტკიცეს „უკრაინის მხარდაჭერის სესხი“ - 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც 2026 და 2027 წლებში კიევის სამხედრო ძალისხმევის მხარდასაჭერად არის განკუთვნილი. აღნიშნული თანხიდან 30 მილიარდი ევრო ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ნაწილდება, ხოლო 60 მილიარდი ევრო - სამხედრო დახმარებაზე.
პირველი ტრანში ივნისში გამოიყო, საიდანაც 3.9 მილიარდი ევრო დრონების წარმოებას მოხმარდა, ხოლო ამ კვირის დასაწყისში თავდაცვითი შესყიდვებისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოიყო.
სესხის პირობების თანახმად, უკრაინას არ აქვს უფლება თავდაცვითი პროდუქტის მთლიანი ღირებულების 35%-ზე მეტი ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ შეიძინოს.
უკრაინას შეუძლია მოითხოვოს საგამონაკლისო წესის დაშვება იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ევროკავშირში წარმოებული ეკვივალენტი, რომელიც მის გადაუდებელ ოპერაციულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, ან როდესაც ევროპული პროდუქცია ვერ უზრუნველყოფს საჭირო მოცულობას, მის დამზადებას მეტისმეტად დიდი დრო სჭირდება ან ზედმეტად ძვირი ღირს.
უკრაინის მთავრობამ ამ დრომდე ორი საგამონაკლისო წესის დაშვება მოითხოვა: ერთი ჩინური წარმოების დრონის კომპონენტებისთვის, ხოლო მეორე - ამერიკული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტებისთვის.
თუმცა, საფრანგეთი ითხოვს, რომ ეს საგამონაკლისო წესები დროებითი იყოს. ამით პარიზი ცდილობს უზრუნველყოს, რომ ევროკავშირის დაფინანსების უდიდესი ნაწილი საბოლოოდ მაინც ევროპულ - და შესაძლოა, ფრანგულ - წარმოებას მოხმარდეს.
საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვითი მრეწველობა აქვს, მათ შორის ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T, რომელიც ამერიკული Patriot-ის ყველაზე ახლო ევროპულ ალტერნატივას წარმოადგენს.