Euronews: „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა

 Renew Europe

რუმინეთს 770 მილიონ ევრომდე დაფინანსების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, ვინაიდან რეფორმების განხორციელების ვადა იწურება - მათ შორის ისეთ სადავო კანონზე, რომელმაც შესაძლოა ლიბერალ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს თანამდებობა დაატოვებინოს. ევროპელი კონსერვატორები და ლიბერალები აღნიშნული სახსრების დაბლოკვას ითხოვენ, - წერს Euronews.

მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) და ლიბერალურმა ჯგუფმა Renew Europe-მა სამშაბათს ევროკომისიას მოუწოდეს, განიხილოს რუმინეთისთვის განკუთვნილი 770 მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სახსრების გაყინვა.

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც Euronews-მა იხილა, ორი ჯგუფის ლიდერები - მანფრედ ვებერი და ვალერი ჰაიერი - პოსტპანდემიური „აღდგენისა და მედეგობის ფონდიდან“ რუმინეთისთვის განკუთვნილი თანხების შეჩერებას ითხოვენ. მათ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ აღნიშნულმა დაფინანსებამ „შესაძლოა უნებლიეთ ხელი შეუწყოს რუმინული დემოკრატიის შერყევას“.

მათი შეშფოთების მთავარი მიზეზი სადავო კანონია, რომელიც, მათი თქმით, შესაძლოა მიმართული იყოს ლიბერალი ლიდერისა და ტიმიშოარას მერის, დომინიკ ფრიცის წინააღმდეგ.

რუმინეთის პარლამენტის მიერ ახლახან დამტკიცებულმა კანონმა საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერების შესახებ, შესაძლოა, „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ ლიდერსა და მერს, დომინიკ ფრიცს, წარსულში მომხდარი ინტერესთა კონფლიქტის საქმის გამო თანამდებობა დაატოვებინოს.

რუმინეთის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ შეტანილი დებულება ითვალისწინებს, რომ იმ მოხელეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და ჯერ არ ამოწურვიათ სამწლიანი სანქციის ვადა, ახალი კანონის ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში უფლებამოსილება შეუწყდებათ.

გერმანიის მოქალაქეს, ფრიცს, რომელიც მერად პირველად ექვსი წლის წინ აირჩიეს, ადმინისტრაციული ინტერესთა კონფლიქტი დაუდგინდა იმ ურბანული დაგეგმარების დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მან 2020 წელს დაამტკიცა.

რუმინეთის უზენაესი საკასაციო სასამართლოს გასული წლის ივნისის საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული დოკუმენტი მოამზადა კომპანიამ, რომელიც ეკუთვნოდა არქიტექტორსა და „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ ადგილობრივი საბჭოს წევრს, რომელიც ფრიცის საარჩევნო კამპანიას უჭერდა მხარს.

ვებერი და ჰაიერი ამტკიცებენ, რომ შესწორების უკუძალით გამოყენება როგორც რუმინულ, ისე ევროკავშირის სამართალს დაარღვევს. ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა“ და უკიდურესად მემარჯვენე „რუმინელთა გაერთიანების ალიანსს“ საკანონმდებლო ცვლილების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

EPP-ისა და Renew Europe-ის ლიდერების განცხადებით, ევროკომისიამ „ორაზროვნების გარეშე უნდა განმარტოს“, რომ ევროკავშირის სახსრების გაცემა კანონის უზენაესობის პატივისცემაზეა დამოკიდებული. მათ ასევე მოუწოდეს პარლამენტს, გადახედოს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა.