ესპანეთი ირანს მოუწოდებს აშშ-თან მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს

ირანის მთავრობა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის დროს ისლამურ რესპუბლიკას მოუწოდა ისლამადაბში აშშ-თან დაგეგმილი მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ალბარესის განცხადებით, ის არაღჩის გუშინწინ ესაუბრა და სთხოვა „ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება“ შეეჩერებინა.

„მოვუწოდებ ირანს - ზუსტად ეს გადავეცი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს - მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და კეთილსინდისიერად მოიქცეს“, - განაცხადა ალბარესმა.

მან კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვა და განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა „არის კაცობრიობის სინდისის სირცხვილი“.

მისი თქმით, „ძალადობის დონე, საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა ისრაელის მხრიდან არის მიუღებელი“.