ექიმს ოპერაციის დროს ჩაეძინა (უცხოეთი)

ექიმი

დიდ ბრიტანეთში, ქირურგიული ოპერაციის დროს ექიმს ჩაეძინა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, 61 წლის ანესთეზიოლოგს, თომას ჰერბსტს პაციენტზე ნარკოზის გაკეთების შემდეგ მალევე ჩაეძინა. ძილი იმდენად ღრმა იყო, რომ ერთ-ერთ ექიმს მისი გაღვიძება მოუწია.

გამოფხიზლებულმა ჰერბსტმა დალია ერთი ჭიქა ყავა და დაარწმუნა კოლეგები, რომ მზად იყო მუშაობის გასაგრძელებლად. ოპერაციის შემდეგ, თვითმხილველების თქმით, მან დიდი გაჭირვებით შეავსო მოხსენებითი ბარათი და ისიც კი ვერ შეამჩნია, რომ შარვალი ჩაძვრა.

სამედიცინო ტრიბუნალზე ჰერბსტმა განაცხადა, რომ იმ დღეს გადაღლილი იყო, რადგან მთელი საღამო საგადასახადო დეკლარაციის შევსებაში გაატარა. მან თავიდან უარყო ბრალდებები, მაგრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ოპერაციის დროს თვალები დახუჭა. ამავე დროს, მისი თქმით, მას არ ეძინა, ფიქრებში გადავარდა და „ცოტას ხვრინავდა".

ჰერბსტს ადრეც ჩაეძინა სამსახურში 2020 წელს. ამ დროს ექიმის გაღვიძება ვერ მოხერხდა, ამიტომ ოპერაცია სხვა ანესთეზიოლოგმა დაასრულა.

სამედიცინო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ჰერბსტმა ჩაიდინა სერიოზული პროფესიული გადაცდომა, რის გამოც ექვსი თვით შეუჩერა პროფესიული საქმიანობა.