ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ნიუ იორკის ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა

ჯორჯ სანტოსი

ელექტრონულ თაღლითობაში ბრალდებულმა, ყოფილმა ნიუ იორკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯორჯ სანტოსმა ბრალი აღიარა. როგორც „ბიბისი“ წერს, სანტოსის აღიარებული ბრალდებებისთვის სასჯელი შესაძლოა, ექვსიდან რვა წლამდე იყოს.

„მე ღრმად ვწუხვარ ჩემი ქცევის და მის მიერ გამოწვეული ზიანის გამო და ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე“,- თქვა სანტოსმა სასამართლოში.

სანტოსს 23 ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის საბანკო გადარიცხვის თაღლითობა, ფულის გათეთრება და საარჩევნო კამპანიის თანხების არამიზნობრივ გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი რესპუბლიკელი კონფრესმენი საპროცესო შეთანხმება დადებს, მაშინ მას მოუწევს გადაიხადოს სულ მცირე 374 000 დოლარის კომპენსაცია.

ჯორჯ სანტოსი კონგრესში 2022 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად აირჩიეს. ის კონგრესში ნიუ იორკს წარმოადგენდა. კონგრესმენად არჩევის შემდეგ, მალევე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სანტოსმა ბიოგრაფიის ნაწილი გააყალბა. 2023 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ მას ელექტრონულ თაღლითობაში, ფულის გათეთრებასა და საჯარო სახსრების მითვისებაში ედებოდა ბრალი. ამავე წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ სანტოსი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატიდან გააძევეს. თავად სანტოსი ამ პერიოდში ბრალს უარყოფდა.