El Pais: აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმა

ტრამპი

აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) ვენესუელის ნავთობზე დაწესებული სანქციები გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais ავრცელებს.

ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეთრი სახლი რამდენიმე ნავთობკომპანიას აძლევს ნებართვას, განახორციელონ ტრანზაქციები ნავთობისა და გაზის სექტორის ოპერაციებთან დაკავშირებით.

პარასკევს გაცემული ლიცენზია უფლებას აძლევს კომპანიებს - BP, Chevron, Eni, Repsol და Shell - განახორციელონ საქმიანობა ვენესუელაში.

ის მათ ნებას რთავს, აწარმოონ „ვენესუელის სანქციების რეგულაციით აკრძალული ტრანზაქციები, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც ჩართულია ვენესუელის მთავრობა და კომპანია PDVSA, და რომლებიც დაკავშირებულია ვენესუელაში ნავთობისა თუ გაზის სექტორის ოპერაციებთან“, - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს ხელმძღვანელი ბრედლი ტ. სმიტი და რომლის ასლიც გამოცემა El Pais-მა მოიპოვა.

ლიცენზია ადგენს რიგ აკრძალვებს, რაც კომპანიებს უზღუდავს ტრანზაქციების განხორციელებას ჩინეთის, რუსეთის, ირანის, კუბისა და ჩრდილოეთ კორეის ფიზიკურ პირებთან ან კომპანიებთან. ეს კეთდება იმისთვის, რომ ვენესუელის ნავთობის აქტივები აღნიშნული ქვეყნების სუბიექტების ხელში არ აღმოჩნდეს.