ეჭვგარეშეა, თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი ნატო-ს საზღვარს გადაკვეთს - მაიკ პენსი

მაიკ პენსი

ეჭვგარეშეა, თუ უკრაინა დაეცემა, რუსეთი ნატო-ს საზღვარს გადაკვეთს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

პენსის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინის წინააღმდეგ ომში, „ეს მხოლოდ დროის საკითხი იქნება, ვიდრე ის ნატო-ს რომელიმე ქვეყნის საზღვარს გადაკვეთს“.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში პენსი ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ, რაც, მისი თქმით, ხელს შეუწყობს „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის“ დამყარებას.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ვლადიმირ პუტინი თუ უკრაინას დაიპყრობს, მაშინ მხოლოდ დროის საკითხი იქნება, ვიდრე ის ნატო-ს წევრ სახელმწიფოს საზღვარს გადაკვეთს, რა დროსაც ჩემს ქვეყანას და ნატო-ს ყველა წევრს მოუწევს სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან“, – განაცხადა პენსმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს და ზურგს გაუმაგრებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, რომელშიც წამყვან როლს ევროპული ქვეყნები შეასრულებენ.

პენსის განცხადებით, ის, რომ პუტინი უკვე გამოეხმაურა უკრაინაში სამხედროების შესაძლო განთავსების გეგმას და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ევროპელი ჯარისკაცები რუსეთის ლეგიტიმურ სამიზნედ გადაიქცევიან, ნიშნავს, რომ ევროპელი მოკავშირეებისა და აშშ-ის ერთობლივმა ძალისხმევამ რუსეთის პრეზიდენტის ყურადღება მიიპყრო და ეს შეიძლება, გახდეს გზა გრძელვადიანი მშვიდობისკენ.