დუბაი - თელ-ავივის რეისის თვითმფრინავის დასმა სხვა პილოტებმა შეძლეს, რომლებიც ბორტზე რიგითი მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ

დუბაი - თელ-ავივის რეისი

საუდის არაბეთში ავიაკომპანია Fly Dubai-ს კუთვნილი თვითმფრინავის დასმა, რომელიც დუბაი - თელ-ავივის რეისს ასრულებდა, სხვა პილოტებმა შეძლეს, რომლებიც ბორტზე რიგითი მგზავრების სტატუსით იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, როცა ერთ-ერთმა პილოტმა მეორეს ჩხუბი დაუწყო და რამდენიმე ჭრილობა დანით მიაყენა, სწორედ მგზავრების სტატუსით მყოფმა მფრინავებმა შეაღწიეს მათ კაბინაში, განმუხტეს სიტუაცია და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვეს.

ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ პილოტების მეორე ჯგუფი ბორტზე რომ არ ყოფილიყო, ინციდენტი შესაძლოა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ან 1976 წელს ენტებეს აეროპორტში მომხდარი მძევლების აყვანის მსგავსი შემთხვევით დასრულებულიყო.

ისრაელური მედია აგრეთვე დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს, რომ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი პილოტი ომანის მოქალაქეა.

ცნობისთვის, დღეს დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა თვითმფრინავმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალი აამოქმედა და საუდის არაბეთის თავზე ფრენისას კურსი შეცვალა. თვითმფრინავმა თავდაპირველად საერთაშორისო საგანგებო სიგნალი კოდით 7700 გააგზავნა. მოგვიანებით კი კოდი 7500 გადასცა, რაც თვითმფრინავის გატაცებას ან სხვა სახის უკანონო ჩარევას ნიშნავს. მედიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი რუს და უკრაინელ პილოტებს შორის ჩხუბი გახდა.

✕