დონალდ ტუსკი: სჯობს სიმართლე, ვიდრე ილუზიები - უკრაინის საკითხზე ტრამპის განცხადების ოპტიმიზმის მიღმა აშშ-ის ნაკლები ჩართულობა იმალება

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა ადამიანებს, ყურადღებით გაეცნონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას აქვს შანსი დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია.

ტუსკის განცხადებით, ბევრმა ადამიანმა ზედმეტად პოზიტიურად აღიქვა ტრამპის ეს განცხადება და „სტრიქონებს შორის“ უსიამოვნო სიმართლე ვერ ამოიკითხა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება შეუძლია. მაგრამ ამ მოულოდნელი ოპტიმიზმის მიღმა აშშ-ის ნაკლები ჩართულობა და ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობის ევროპაზე დაკისრება იმალება. სჯობს სიმართლე, ვიდრე ილუზიები“, - დაწერა ტუსკმა.

ცნობისთვის, ტრამპმა 23 სექტემბერს ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ უკრაინას თავისი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსი აქვს.