დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს, ევროპული ჯარების გამო ეს პოზიცია არ შეიცვლება - კეროლაინ ლევიტი

ტრამპი

დონალდ ტრამპს გრენლანდიასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია აქვს, ტერიტორიაზე გაგზავნილი ევროპული ჯარების გამო ეს პოზიცია არ შეიცვლება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.

ლევიტის თქმით, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო.

„ეს კარგი შეხვედრა იყო, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეექმნათ სამუშაო ჯგუფი, რომლებიც გააგრძელებენ გრენლანდიის დაუფლებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოლაპარაკებებს. როგორც მე მითხრეს, ეს მოლაპარაკებები ორ-სამ კვირაში ერთხელ გაიმართება. ეს არის საუბარი, რომლის გაგრძელებასაც ადმინისტრაცია დანიელებთან და გრენლანდიის შესაბამის დელეგაციასთან აპირებს. პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად გამოხატა თავისი პრიორიტეტი, მას სურს, რომ შეერთებული შტატები დაეუფლოს გრენლანდიას, მისი აზრით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ამის გაკეთება საუკეთესოა“, – განაცხადა ლევიტმა.

ამასთან, ლევიტმა აღნიშნა, რომ გრენლანდიაში ევროპული ქვეყნების მიერ ჯარების გაგზავნა გავლენას არ მოახდენს ტრამპის გადაწყვეტილებაზე ტერიტორიის დაუფლებასთან დაკავშირებით.

„ბიბისის“ ინფორმაციით,  სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბრიტანეთმა გრენლანდიაში ერთი სამხედრო გაგზავნა. გერმანული მედიის ცნობით კი, ქვეყანა გრენლანდიაში ჯარების მოწინავე ჯგუფს, 13 სამხედროს შემადგენლობით გაგზავნის. ამასთან, როგორც ფრანგული მედია წერს, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში 15 ფრანგი სამხედრო გაიგზავნა.