დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივ რადიო NPR-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-ს სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივ რადიო NPR-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-ს სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსება მიკერძოებული გაშუქების გამო შეწყდა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე წყვეტს PBS-ისა და NPR-ის არაპირდაპირ დაფინანსებას. ბრძანების თანახმად, ადგილობრივ საზოგადოებრივ რადიოსა და ტელევიზიის სადგურებსა და „საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციის“, იგივე CPB-ის დაფინანსების სხვა მიმღებებს ამ ორგანიზაციების მხარდასაჭერად გადასახადის გადამხდელების დოლარის გამოყენებას უკრძალავს.

ბრძანება ავალდებულებს CPB-ს გადახედოს თავის 2025 წლის ზოგად დებულებებს, რათა ცალსახად აკრძალოს NPR-ისა და PBS-ის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, NPR-მა და PBS-მა გადასახადის გადამხდელების ფულით პარტიულობა და მემარცხენე პროპაგანდა გააღვივეს, რაც უკიდურესად შეუფერებელია და გადასახადის გადამხდელების ფულის არასათანადო გამოყენებას წარმოადგენს.

„პარტიული მიტაცების საილუსტრაციოდ, NPR-ის მენეჯმენტმა რედაქტორებს სთხოვა, ტრანსგენდერთა საკითხებზე საუბრისას თავი აერიდებინათ ტერმინისგან „ბიოლოგიური სქესი“. NPR-მა გამოაქვეყნა სიუჟეტები, სადაც იცავდა ძარცვას და მიუთითებდა, რომ დანაშაულის შიში რასისტულია და მისი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის (DEI) პრაქტიკა მისი შინაარსისგან „განუყოფელ“ პრაქტიკად შეაფასა. NPR-მა უარი თქვა ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპთან დაკავშირებული ისტორიის გაშუქებაზე და მას დროის კარგვა და ყურადღების გაფანტვა უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან აქტუალური იყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. NPR-მა არაერთხელ განაცხადა, რომ COVID-19 ლაბორატორიაში არ წარმოიშვა და უარი თქვა თეორიის შესწავლაზე. შემდეგ კი FBI-მ, CIA-მ და ენერგეტიკის დეპარტამენტმა ლაბორატორიაში გაჟონვის თეორია სავარაუდო მიზეზად მიიჩნიეს.

კვლევები აჩვენებს, რომ PBS-ის მთავარ საინფორმაციო პროგრამაში „კონგრესის რესპუბლიკელებს უარყოფითი გაშუქების 85 პროცენტი ჰქონდათ, კონგრესის დემოკრატების კი – 54 პროცენტი დადებითი გაშუქების. ექვსი თვის განმავლობაში PBS News Hour-მა ტერმინი „ულტრამემარჯვენე“ 162-ჯერ გამოიყენა, ხოლო „ულტრამემარცხენე“ – მხოლოდ 6-ჯერ. PBS-მა გადაიღო ფილმი სახელწოდებით „ნამდვილი ბიჭი“, რომელიც ტრანსგენდერი მოზარდის ტრანზიციას ეძღვნება. PBS-ის მიერ 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კონვენციის გაშუქების 72 პროცენტი უარყოფითი იყო, ხოლო 2024 წლის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციის გაშუქების 88 პროცენტი დადებითი. ძალიან შეუფერებელია, რომ გადასახადის გადამხდელები იძულებულნი იყვნენ, სუბსიდირება გაეწიათ მიკერძოებული, პარტიულ შინაარსისთვის“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში