დონალდ ტრამპმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და კომპენსაციის სახით ათი მილიარდი დოლარი მოითხოვა

დონალდ ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა „ბიბისის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, დონალდ ტრამპი კომპენსაციის სახით ათ მილიარდ დოლარს ითხოვს.

ფლორიდის სასამართლოში შეტანილი სარჩელის თანახმად, ტრამპმა „ბიბისი“ ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტმა თითოეული ბრალდებისთვის ხუთი მილიარდი დოლარის კომპენსაცია მოითხოვა.

ტრამპის იურიდიულმა გუნდმა „ბიბისი“ დაადანაშაულა იმაში, რომ „განზრახ, ბოროტად და მოტყუებით შეცვალა მისი გამოსვლა“.

სარჩელთან დაკავშირებით „ბიბისიში“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, საქმე ეხება „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც, როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ბრიტანული გაზეთის, „ტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული „ბიბისის“ შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ. რედაქტირებული ვერსიით, ტრამპი ამბობდა: „მივალთ კაპიტოლიუმთან და ვიბრძოლებთ ბოლომდე“. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს.