დონალდ ტრამპი: რვა ომი შევაჩერე, ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და ეს მოხდება, რუსეთ-უკრაინის ომია

დონალდ ტრამპი

რვა ომი შევაჩერე, ერთადერთი, რომელშიც ჯერ ვერ მივაღწიე წარმატებას და ეს მოხდება, არის რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც ყველაზე მარტივი მეგონა, რადგან პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვისთან არის უფრო რთული გამკლავება, ვლადიმერ პუტინთან თუ სი ძინპინთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ორივესთან.

„ორივესთან რთულია. ორივე ჭკვიანია. ორივე ძალიან ძლიერი ლიდერია. ესენი არიან ადამიანები, რომლებთანაც თამაში არ ღირს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვათ. ესენი სერიოზული ადამიანები არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მკაცრი, ჭკვიანი ლიდერები არიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომი ჯო ბაიდენისგან მემკვიდრეობით მიიღო.

„მე მემკვიდრეობით მივიღე ეს სულელური ომი. ეს არ უნდა ყოფილიყო ომი. ეს არასდროს მოხდებოდა, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი. სხვათა შორის, ოთხი წლის განმავლობაში ეს არ მომხდარა. რამდენი ომი მოვაგვარე? რვა ომი ცხრა ომიდან – კამბოჯა-ტაილანდი, კოსოვო – სერბეთი, კონგო- რუანდა, პაკისტანი-ინდოეთი, ისრაელი-ირანი, ეგვიპტე-ეთიოპია, სომხეთი-აზერბაიჯანი, ისრაელი-„ჰამასი“, იცით, როგორ? ბევრ შემთხვევაში, 60%-ში ვამბობდი: „ბრძოლას თუ არ შეწყვეტთ, თქვენს ორივე ქვეყანას ტარიფებს დავუწესებ და შეერთებულ შტატებთან საქმიან ურთიერთობას ვეღარ შეძლებთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მუშაობს ეს პუტინთან, ტრამპმა უპასუხა, რომ, მისი აზრით, ეს მიდგომა პუტინთანაც იმუშავებს.

„ვფიქრობ, ეს პუტინთანაც მუშაობს. მასთან სხვანაირად მოვიქეცი, რადგან რუსეთთან დიდად არ გვაქვს საქმიანი ურთიერთობა. ვფიქრობ, მას სურს შემოსვლა და ჩვენთან ვაჭრობა, სურს რუსეთისთვის ბევრი ფულის გამომუშავება და ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. ეს არის ის, რაც მომწონს“, – განაცხადა ტრამპმა.