დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადის პრემიერთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია

დონალდ ტრამპი

აშშ და კანადა სავაჭრო შეთანხმების საბოლოო დეტალებზე მუშაობენ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ამერიკელი ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის. კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის თქმით კი, შეთანხმება აშშ-სთან სამომავლო სავაჭრო ურთიერთობების მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, კანადაში ამერიკული პროდუქციის ექსპორტზე აშშ-ის ფერმერებსა და ბიზნესებს ტარიფების გადახდა აღარ მოუწევთ.

„გუშინ პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და კანადასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. როგორც იცით, დღეს კანადის წინააღმდეგ 50 პროცენტიანი ტარიფები უნდა ამოქმედებულიყო. გუშინ ისინი დაგვიკავშირდნენ და წარმოადგინეს ის პირობები, რომლებიც ჩვენთვის აუცილებელი იყო. ეს ორივე მხარისთვის ძალიან სამართლიანი შეთანხმებაა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, ახალი შეთანხმების შედეგად ამერიკელი ფერმერებისთვის კანადაში პროდუქციის ექსპორტზე ტარიფები ნულამდე შემცირდება.

„ჩვენი ფერმერებისთვის ტარიფები აღარ იარსებებს. ისინი კანადაში პროდუქციის შეტანისას უზარმაზარ ტარიფებს იხდიდნენ, მაგრამ ეს ტარიფები მთლიანად გაუქმდება”,- აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეამცირებს თუ არა აშშ კანადური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფებსაც, ტრამპმა უპასუხა: „ცოტათი“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, კონკრეტულად რას მოიცავს შეთანხმება, რა დათმობებზე წავიდა თითოეული მხარე და რა საკითხები რჩება საბოლოოდ შესათანხმებელი.