დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში გაყინულ აქტივებს „მიწით დაიბრუნებს“

მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპაში გაყინულ აქტივებს „მიწით დაიბრუნებს“.

ამასთან, მედვედევი ამბობს, რომ მას არ აქვს მხედველობაში დონბასი, რადგან, მისი აზრით, ეს მიწა ისედაც რუსეთს ეკუთვნის.

„ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს აქტივების დასაბრუნებლად. დავიბრუნოთ მიტაცებული ნატურალური ფორმით. ანუ, „უკრაინული მიწით“ და სხვა მოძრავი, თუ უძრავი ქონებით, რომელიც ამ მიწაზე მდებარეობს“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მედვედევი ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგის დახმარება რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან გადასცა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „ბრიტანელმა ქურდებმა, რუსეთის ფული ნეონაცისტებს გადასცეს“. მედვედევის თქმით, დიდ ბრიტანეთს ამისთვის საფასურის გადახდა „ბრიტანეთის გვირგვინის ფასეულობებით“ მოუწევს.

„რუსეთის სახსრების ან მათგან მიღებული შემოსავლების უკანონო მიტაცება უნდა გადაკონვერტირდეს დამატებით ტერიტორიებში ან ქვეყანა 404-ის სხვა ქონებაში. ან ბრიტანეთის გვირგვინის ფასეულობების ამოღებით. ეს ფასეულობები საკმარისადაა სხვადასხვა ადგილში, მათ შორის რუსეთშიც“, – წერს მედვედევი.