1751921238
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულება, გამოწვევების დასაძლევად ერთადერთი გზაა, ერთად წავიდეთ მხარდამხარ - ემანუელ მაკრონი

დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკრონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთად უნდა იმუშაონ მსოფლიოს დესტაბილიზაციის საფრთხეებთან საბრძოლველად და დაიცვან ევროპა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთზე „ზედმეტი დამოკიდებულებისგან“.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოსვლისას აღნიშნა, ორმა ქვეყანამ ერთად უნდა გააძლიეროს ევროპა, მათ შორის თავდაცვის, იმიგრაციის, კლიმატისა და ვაჭრობის საკითხებში.
„გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენონ მსოფლიოს, რომ ჩვენ ალიანსს შეუძლია, ყველაფერი შეცვალოს. ჩვენი დროის გამოწვევების დასაძლევად ერთადერთი გზაა, ერთად წავიდეთ ხელჩაკიდებული, მხარდამხარ“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მაკრონმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის სჯერა. მისივე თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარებისთვის ერთად მუშაობა მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
„ისრაელს ეს საშუალებას მისცემს, იცხოვროს მშვიდობითა და უსაფრთხოებით მეზობლებთან ერთად. მინდა ნათლად ვთქვა, რომ დღევანდელი მოწოდება ღაზაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უბრალოდ დანარჩენ მსოფლიოს ეუბნება, რომ ჩვენთვის, როგორც ევროპელებისთვის, ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა და არა დისკუსია“, – აღნიშნა მაკრონმა.
გარდა ამისა, მაკრონმა ისაუბრა უკრაინის შესახებ და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინას არასდროს მიატოვებს.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ვლადიმერ პუტინის რუსეთი უკრაინაში წინ მიიწევს, საფრთხე ყველას გვიახლოვდება. არასდროს არ მივიღებთ თეორიებს, რომ „სიმართლე ძალაშია“. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ „მსურველთა კოალიციის“ შექმნა. ეს კოალიცია სიგნალი იყო, რომ ევროპელები არასდროს მიატოვებენ უკრაინას, არასდროს“, – აღნიშნა მაკრონმა.