დებატებზე არადამაჯერებელი გამოსვლა ბაიდენის ასაკთან დაკავშირებულ შიშებს აძლიერებს - BBC

ბაიდენი და ტრამპი

BBC აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატების პირველ რაუნდს აფასებს. გამოცემა წერს, რომ თეთრი სახლის მოქმედი მმართველის გამოსვლამ მის ასაკთან დაკავშირებული შიშები გაამძაფრა.

სტატიაში „დებატებზე არადამაჯერებელი გამოსვლა ბაიდენის ასაკთან დაკავშირებულ შიშებს აძლიერებს“ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი არ იყო მკაფიო და დაბნეული ჩანდა. განსაკუთრებით დაბნეული ბაიდენი 90-წუთიანი დებატების დასაწყისში ჩანდა. მაგალითად, მან თავისი ერთ-ერთი პასუხი დაასრულა ფრაზით „როგორც იქნა დავამარცხეთ Medicare“ - ეს უცნაური ფრაზაა, რადგან Medicare სწორედ მოქმედი მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროგრამაა.

ბაიდენის გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტი გაციებულია, თუმცა BBC წერს, რომ ეს უფრო გამართლებას ჰგავდა.

„მართლა არ ვიცი რა თქვა ამ წინადადების ბოლოს და, ვფიქრობ, მანაც არ იცის“, - აღნიშნა ტრამპმა ბაიდენის ერთ-ერთი პასუხის შემდეგ. „შესაძლოა, ეს პასუხი იყოს მთელი ღამის შეჯამება“, - წერს BBC და დასძენს, რომ დებატების მსვლელობისას, ბაიდენი უფრო კონცენტრირებული გახდა.

რაც შეეხება ტრამპს, ის უფრო დისციპლინირებული იყო, ვიდრე 2020 წლის დებატებში. ის არ აწყვეტინებდა სიტყვას ოპონენტს. თუმცა ტრამპი სუსტად გამოიყურებოდა, როცა საუბრობდა აბორტების აკრძალვაზე და პირად სკანდალებზე.