CNN: ირანში ომი საფრთხეს უქმნის სურსათის წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასუქების მიწოდებას

ყურე

ირანში მიმდინარე ომს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს სურსათის წარმოებისთვის მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულია სასუქების რამდენიმე უმსხვილესი ქარხანა, ამასთანავე, რეგიონი წარმოადგენს სასუქის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ძირითად წყაროს, - წერს CNN-ი.

ამერიკული ფინანსური სერვისების კომპანია Morningstar-ის მონაცემებით, ამ ნედლეულის გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 25-35% ჰორმუზის სრუტეზე გადის, რომელიც, ფაქტობრივად, ჩაკეტილია გემებისთვის.

ირანი ასევე შარდოვანას - ფართოდ გამოყენებადი სასუქი - მეოთხე უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში რუსეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის შემდეგ. ამასთან, სრუტის ჩაკეტვა საუდის არაბეთის ექსპორტზეც ახდენს გავლენას.

მონაცემთა მომწოდებელი კომპანიის, CRU Group-ის თანახმად, ირანის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ეგვიპტური შარდოვანას ფასები, რომელიც ინდუსტრიის ეტალონად ითვლება, მესამედზე მეტით გაიზარდა. ასევე მკვეთრად მოიმატა გოგირდის ფასებმაც, რომელიც სასუქის წარმოებაში გამოიყენება. CRU Group-ის განცხადებით, გოგირდის გლობალური ექსპორტის თითქმის ნახევარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე მოდის.

რეგიონში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა, რის გამოც კატარის უმსხვილესმა მწარმოებელმა უკვე შეამცირა სასუქისა და მისი შემადგენელი კომპონენტების წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი აირის მოპოვება, შესაძლოა მიწოდება კიდევ უფრო შეაფერხოს.

„ჰორმუზის სრუტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სურსათის გლობალური წარმოებისთვის. სასუქები არ არის უბრალოდ კიდევ ერთი საქონელი - გლობალური სურსათის წარმოების თითქმის ნახევარი სწორედ მათზეა დამოკიდებული“, - განუცხადა გასულ კვირას CNN-ს ნორვეგიული ქიმიური კომპანია Yara International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სვეინ ტორე ჰოლსეთერმა.