ხანძარი თბილისში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1790950511
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან თანხები უკიდურესად მემარჯვენე პროექტების დასაფინანსებლად მიმართა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
ინფორმირებული წყაროს ცნობით, საუბარია სამხრეთ აფრიკაში აფრიკანერების უფლებების დაცვის, „დასავლური ცივილიზაციური ნორმების“ შენარჩუნებისა და ევროპაში მასობრივი მიგრაციის შედეგების დოკუმენტირების პროგრამებზე.
გრანტები გამოიყო $177-მილიონიანი „დემოკრატიის ფონდიდან“ იმის მიუხედავად, რომ პროცესი შეჩერებული იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი „დემოკრატი“ სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხელი მოაწერა მემორანდუმს ფინანსების დამტკიცებაზე ფისკალური წლის ბოლო დღეს, ვიდრე გამოყოფილი საბიუჯეტო ლიმიტი ამოიწურებოდა.
„აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის კურსს - ტრადიციული ადამიანის უფლებების დაცვიდან აქცენტი გადაიტანოს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ბრძოლაზე, მასობრივი მიგრაციის წინააღმდეგობასა და „ბუნებრივი უფლებების“ დაცვაზე“, - აღნიშნავს CNN-ი.
დაფინანსება მიიღო პროექტებმა ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და ნიგერიაში, სადაც ვაშინგტონი ქრისტიანთა „მასობრივ დევნაზე“ მიუთითებს.
როგორც წესი, „დემოკრატიის ფონდის“ რესურსები ავტორიტარულ ან სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებს ხმარდება. ამ შემთხვევაში კი, როგორც პირველად The Guardian-მა გაავრცელა, დაფინანსება ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მოქმედ პროგრამებსაც გადაეცემა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ტომი პიგოტმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია პირობას ასრულებს: „პრეზიდენტმა დადო პირობა, რომ წინააღმდეგობას გაუწევს დესტრუქციულ „ვოუკ“ დღის წესრიგს. ჩვენ არასდროს მოვიხდით ბოდიშს დასავლური ცივილიზაციის დაცვის, ცენზურის წინააღმდეგობისა და მასობრივი მიგრაციის ეპოქის დასრულებისთვის“.
სენატორი ჯინ შაჰინი კი მიიჩნევს, რომ კონგრესის გვერდის ავლით გადაწყვეტილების მიღება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების ფლანგვაა: „ადმინისტრაცია საბიუჯეტო სახსრებს იყენებს უკიდურესად მემარჯვენე ორგანიზაციების დასაფინანსებლად უკვე ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, რაც აზიანებს ამერიკულ ღირებულებებსა და ურთიერთობებს ევროპელ მოკავშირეებთან“.