1790263680
ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და ვემზადებით არჩევნებისთვის, თუმცა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე კატასტროფული ვითარება გრძელდება - მაჰმუდ აბასი
ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა და ვემზადებით არჩევნებისთვის, თუმცა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე კატასტროფული ვითარება გრძელდება, – ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რადგან ის ქვეყანაში არ დაუშვეს.
ვიდეომიმართვის დასაწყისში მაჰმუდ აბასმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ პალესტინის დელეგაციას ზედიზედ მეორე წელია, ეზღუდება გაეროს შეხვედრებში პირადად მონაწილეობა. მისი განცხადებით, ეს არის მასპინძელი ქვეყნის – აშშ-ის ვალდებულებების დარღვევა.
„დელეგაციისთვის გაერო-ს შტაბ-ბინაზე წვდომის აკრძალვა შეერთებული შტატების, როგორც მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებების დარღვევაა. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის ადმინისტრაციას, მოხსნას ეს სანქციები და შეზღუდვები, დაუბრუნდეს დიალოგსა და ურთიერთპატივისცემას“,- განაცხადა აბასმა.
პალესტინის ლიდერის თქმით, ღაზის სექტორში მოსახლეობა გენოციდური ომის, განადგურებისა და შიმშილის წინაშე დგას, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე, აღმოსავლეთ იერუსალიმის ჩათვლით, ძალადობა და მიწების მიტაცება მასშტაბურ ხასიათს ატარებს.
„ღაზის სექტორში ჩვენი ხალხი ისრაელის საოკუპაციო ძალების ხელით ექვემდებარება მკვლელობას, ნგრევას, შიმშილსა და გადასახლების მცდელობებს, გენოციდურ ომს, რომელიც მან შექმნა… ნუ დაუშვებთ, რომ კიდევ ერთი „ნაკბა“ მოხდეს. ნუ დაუშვებთ ახალ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას“,- აღნიშნა პალესტინის პრეზიდენტმა.
მაჰმუდ აბასი მიესალმება დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას და უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ადგილზე რეალური ცვლილებები და დადებითი ძვრები ჯერ არ ჩანს. მაჰმუდ აბასის თქმით, პალესტინამ წარმატებით დაასრულა ეროვნული რეფორმების პროგრამა და მზად არის დემოკრატიული ცვლილებებისთვის.
„საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციისა და ნიუ იორკის დეკლარაციის მიღებიდან ერთი წლისთავზე, მე დღეს სრული ნდობითა და პასუხისმგებლობით გეუბნებით – ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა… ჩვენ ჩავატარებთ ჩვენს საკანონმდებლო არჩევნებს ამ წლის 28 ნოემბერს და ამას მოჰყვება პალესტინის ეროვნული საბჭოსა და საპრეზიდენტო არჩევნები“,- განაცხადა აბასმა.
მაჰმუდ აბასი მიმართვის დასასრულს აღნიშნავს, რომ პალესტინელი ხალხი არასდროს დატოვებს საკუთარ სამშობლოს და არ დაეთანხმება იძულებით განდევნას. მთავარ მიზნად დასახელებულია დამოუკიდებელი, არამილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც ისრაელის გვერდით მშვიდობასა და უსაფრთხოებაში იცხოვრებს.
„ჩვენ გვსურს დემოკრატიული პალესტინის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს – არამილიტარიზებული სახელმწიფო, რომელიც ცხოვრობს უსაფრთხოებასა და მშვიდობაში ისრაელის სახელმწიფოს გვერდით… პალესტინის ხალხი დარჩება თავის მიწაზე, პალესტინის ხალხი არ მიიღებს იძულებით განდევნას და არ გაქრება“,- განაცხადა პალესტინის ლიდერმა.











