1773348202
ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა, არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას, სხვა პასუხისმგებლობებს არ ვეძებ - ანა ფოტიგა
ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ პოლიტიკური კარიერა დაასრულა.
როგორც ფოტიგა აღნიშნავს, ის აღარ აპირებს მომავალში რაიმე პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს.
„ჩემი პოლიტიკური კარიერა ნამდვილად დასრულდა. არ ვაპირებ არც ეროვნულ და არც ევროპულ საკანონმდებლო ორგანოებში კენჭისყრას. სხვა პასუხისმგებლობებს არ ვეძებ. თუმცა, თავს უფლებას ვაძლევ, წარმოვადგინო ჩემი შეხედულებები ყველაზე მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტებში პოლონეთის ან საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. მთელი ჩემი საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში, კომუნისტურ პოლონეთში „სოლიდარობის“ (პოლონური პროფკავშირული ორგანიზაცია) საგარეო საქმეთა დეპარტამენტში, პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრის (იეჟი ბუზეკის) საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრად და გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის კანცელარიის უფროსად, ყოველთვის ვუჭერდი მხარს უკრაინის დასავლურ მიმართულებას“, – წერს ფოტიგა.
ამასთან, ფოტიგა აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ხედავდა, თუ რა შეცდომებს უშვებდნენ პოლონელი და უცხოელი ლიდერები რუსეთთან მიმართებით, რამაც ვლადიმერ პუტინს პუტინს საშუალება მისცა, დაენერგა და გაეძლიერებინა თავისი ნეოიმპერიული პოლიტიკა.
„ჩემი დამოკიდებულება თვალსაჩინო იყო ევროპარლამენტში ჩემს საქმიანობაში და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის მხარდაჭერაში. წლების განმავლობაში ვხედავდი პოლონელი და უცხოელი ლიდერების მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომებს, რამაც პუტინს საშუალება მისცა, დაენერგა და გაეძლიერებინა თავისი ნეოიმპერიული პოლიტიკა, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით დაგვირგვინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე მტკიცედ ვუჭერ მხარს მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნების საერთაშორისო, მეგობრულ თანამშრომლობას, ჩემი პირველი და მთავარი მიზანი პოლონეთის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებაა.
აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, კატასტროფული ისტორიის მქონე გერმანიაშიც კი, ხალხი ასეთ განწყობებს პატრიოტულს უწოდებს. პოლონეთის შემთხვევაში ეს ყოველთვის „ნაციონალისტურია“. ეს დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ევროპული ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტის დროს, განსაკუთრებით კი საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და ევროკავშირის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის სფეროებში. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული, სუვერენული პოზიცია დავიკავოთ. SAFE, ევროპული თავდაცვის შესაძლებლობების დაფინანსების მექანიზმი, ამ დებატების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ამ შიდა დებატებში „ნაციონალისტების“ გარეშე. განსაკუთრებით მოვუწოდებ უკრაინელებს, თავი შეიკავონ ასეთი მეინსტრიმული, მიკერძოებული, დამამცირებელი იარლიყების გამოყენებისგან“, – წერს ფოტიგა.










