ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო

უჩინმაჩინის ფარი

გახსოვთ უჩინმაჩინის ფარი, რომელიც 2 წლის წინ ბრიტანეთში შექმნეს?

2022 წელს შევიტყვეთ, რომ ლონდონში დაფუძნებულმა კომპანიამ Invisibility Shield Co "უჩინმაჩინის ფარი" შექმნა, რომლის უკან აღმოჩენის შემთხვევაშიც ნებისმიერ გარემოში უჩინრად იქცევით. დიახ, ბრიტანული სტარტაპის მიერ შექმნილი ფარი მის უკან მყოფ ადამიანებს სრულიად უხილავს ხდის.

როგორც 2022 წელს ვიტყობინებოდით, ინოვაციის უკან საკმაოდ მარტივი ტექნოლოგია დგას. ფარზე არსებული ლინზების წყება ფარის უკნიდან წამოსულ სინათლეს, ობიექტის გამოსახულებას წარმატებით ამრუდებს და ფარის წინ მყოფი დამკვირვებლისგან შორს ფანტავს. ლინზები ვერტიკალურადაა ორიენტირებული, რათა დასამალი ობიექტიდან არეკლილი გამოსახულება — სინათლე ზემოთკენ მიმართოს, ზემოთ აირეკლოს და არა პირდაპირ.

ფარის შექმნას წინ უამრავი ექსპერიმენტი უძღოდა. მკვლევრები ცდიდნენ ლინზების სხვადასხვა განლაგებას, ფორმას, სიღრმეს, კუთხეს. ამის შემდეგ გუნდი საუკეთესო გადაწყვეტამდე მივიდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფარით დამალვისას საუკეთესო შედეგს ერთგვაროვან ფონზე მიაღწევთ, ეს შეიძლება იყოს ბალახი, ქვიშა, ფოთლები, ცა. ასევე, კედლები, რელსები თუ სხვა გარემო.

"უჩინმაჩინის ფარის" ყველაზე დიდი მოდელი სიმაღლეში თითქმის 2 მეტრია. ფარი განიერიცაა და მას რამდენიმე ადამიანის ერთდროულად დაფარვა შეუძლია. 

თუმცა, არის ერთი სამწუხარო დეტალი, ფარის უკან მდგომი ადამიანიც ვერ დაგინახავთ. ეს ნიშნავს, რომ როგორც ფარის წინ მდგომი, ისე მის უკან მდგომი ადამიანები ერთმანეთს ვერ დაინახავენ. 

რაც შეეხება ღირებულებას, მომცრო ფარის შეძენა სულ რაღაც 66 დოლარად იქნება შესაძლებელი, ხოლო 2 მეტრის სიმაღლის "უჩინმაჩინის ფარი" 1 000 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ფარი მთლიანად ოპტიკური პროდუქტია და მას სამუშაოდ ენერგია არ სჭირდება (დამუხტვა, ან დენის წყაროსთან მიერთება საჭირო არ არის).