ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს

ბრიტანეთის მთავრობა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით.

„დღეს პარლამენტისთვის წარდგენილი „ხალხის წარმომადგენლობის შესახებ“ კანონპროექტი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობასა და უსაფრთხოებას პოლიტიკური შემოწირულობების გარშემო. ამასთან ერთად, აფართოებს გაერთიანებული სამეფოს ყველა არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას 16-17 წლის მოზარდებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები შექმნის სამართლიან, უსაფრთხო და ინკლუზიურ დემოკრატიას.

„პოლიტიკაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების დანერგვა იწყება პოლიტიკური ფინანსების რეფორმების ფართო პაკეტის მეშვეობით. კანონპროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც გაზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას პოლიტიკაში. რეფორმების ფართო პაკეტი მოიცავს: გამკაცრებულ წესებს კომპანიების შემოწირულობებზე, ახალ სახელმძღვანელო პრინციპებს – „იცნობდე შენს დონორს“ და უფრო მკაცრ მოთხოვნებს არაკორპორაციული ასოციაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ბრიტანეთის მთავრობაში განმარტავენ, ღონისძიებები განამტკიცებს მთავრობის „ნულოვანი ტოლერანტობის“ მიდგომას ბრიტანეთის დემოკრატიაში უცხოური ჩარევის მიმართ, რადგან მზარდი საერთაშორისო საფრთხეები აქტუალურს ხდის მოქმედების აუცილებლობას.

„ბოლოდროინდელი შემთხვევები – მათ შორის ყოფილი ევროპარლამენტარის, ნეიტან გილისა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებელი ადვოკატის კრისტინ ლის, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ფარულად მომუშავე პირი – ხაზგასმით აჩვენებს ძლიერი ქმედებების საჭიროებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი მოთხოვნებით, პოლიტიკური შემოწირულობების განმახორციელებელი კომპანიები ვალდებული იქნებიან, აჩვენონ, რომ აქვთ ნამდვილი კავშირი გაერთიანებულ სამეფოსთან. ეს მოიცავს იმის ჩვენებას, რომ მათი მთავარი ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, მათ უმრავლესობას ფლობენ ან აკონტროლებენ ბრიტანელი ამომრჩევლები ან მოქალაქეები და აქვთ საკმარისი შემოსავალი შემოწირულობის დასაფარად, რაც ხელს შეუშლის უცხოელი აქტორების მხრიდან შესაძლებლობას, გამოიყენონ ფიქტიური კომპანიები დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენისთვის.