ბეტმენის ცნობილი მოტოციკლი აუქციონზე 1.2 მილიონ დოლარად იყიდება

ბეტმენი

ბეტმენის ცნობილი მოტოციკლი, Batpod-ი, კინომემორაბილიის აუქციონზე იყიდება. ლეგენდარული სატრანსპორტო საშუალების საწყისი ღირებულება 900 000 ფუნტამდე (დაახლოებით 1,2 მილიონი დოლარი) აღწევს.

მოტოციკლი კრისტოფერ ნოლანის ფილმებში - „ბნელი რაინდი“ (The Dark Knight, 2008) და „ბნელი რაინდის აღზევება“ (The Dark Knight Rises, 2012) - გამოიყენებოდა. ორივე ფილმში ბეტმენის როლს კრისტიან ბეილი ასრულებდა. Batpod-ს აუქციონის სახლი Propstore Auction ყიდის.

სატრანსპორტო საშუალებას „მხეცსაც“ (The Beast) უწოდებენ. აუქციონის სახლის წარმომადგენლის, ლეინის თქმით, მისი დიზაინი თავად კრისტოფერ ნოლანმა შექმნა, ფილმის მხატვარ-დამდგმელ ნეითან კროულისთან ერთად. შემდეგ კი ოსკარის მფლობელ სპეციალისტს, ვიზუალური ეფექტების სფეროში მომუშავე კრის კორვოლდს, მისი რეალურ მოქმედ მექანიზმად ქცევა დაევალა.

ლეინის განმარტებით, მოტოციკლის გადასაღებ მოედანზე რეალურად ამუშავება საკმაოდ რთული საინჟინრო ამოცანა იყო. Batpod-ს 750 კუბური სანტიმეტრის მოცულობის Honda-ს ძრავა და უზარმაზარი, 31-დუიმიანი საბურავები აქვს.

მისი მართვა მსახიობებისთვისაც რთული აღმოჩნდა და პროფესიონალი კასკადიორებისთვისაც. ლეინის თქმით, გადაღებების დროს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მოტოციკლზე მყოფმა ადამიანმა კონტროლი დაკარგა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი კამერამაც დააფიქსირა - Batpod მართვიდან გამოვიდა და გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთ კამერას შეეჯახა.

„ის ფაქტობრივად კონტროლიდან გამოდის და კამერას აგდებს. ვფიქრობ, მისი მართვა მართლაც ძალიან რთული იყო“, - აღნიშნა ლეინმა.

სულ ასეთი ექვსი მოტოციკლი დამზადდა, თუმცა ლეინის ინფორმაციით, Warner Bros.-ის სტუდიამ ოფიციალურად გასაყიდად მხოლოდ ერთი მათგანი გამოუშვა - სწორედ ის, რომელიც ამჟამინდელ აუქციონზეა წარმოდგენილი.

მისი შეფასებით, მსგავსი ნივთები კოლექციონერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია როგორც უნიკალურობის, ისე გამორჩეული ვიზუალური იერსახის გამო. Batpod-ი კი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ სატრანსპორტო საშუალებად მიაჩნია.

ონლაინ-ვაჭრობა ხუთშაბათს დაიწყო და 4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილი პირდაპირი აუქციონით დასრულდება.

Batpod-თან ერთად გასაყიდად ასობით სხვა კინორეკვიზიტიც არის გამოტანილი. მათ შორისაა ბეტმენის ორი სრული კოსტიუმი: ერთი კრისტიან ბეილს ეცვა 2005 წლის ფილმში „ბეტმენის დასაწყისი“ (Batman Begins), მეორე კი ვალ კილმერს - 1995 წლის ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ“ (Batman Forever).

აუქციონზე ასევე წარმოდგენილია სტივენ სპილბერგის „ინდიანა ჯონსის“ ფილმებში გამოყენებული ნივთები: კასკადიორ ვიკ არმსტრონგის ქუდი და პერანგი, რომლებიც 1984 წლის ფილმში „ინდიანა ჯონსი და განწირულთა ტაძარი“ (Indiana Jones and the Temple of Doom) და 1989 წლის „ინდიანა ჯონსი და უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა“ (Indiana Jones and the Last Crusade) გამოიყენებოდა.

კოლექციონერებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აგრეთვე ხმალი, რომლითაც კიტ ჰარინგტონის პერსონაჟი ჯონ სნოუ სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ (Game of Thrones) იბრძოდა.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ფრედი კრუგერის ხელთათმანმაც. აუქციონის დაწყებიდან სულ რამდენიმე საათში მასზე მინიმალური გასაყიდი ფასი - 25 000 ფუნტი (დაახლოებით 34 000 დოლარი) — უკვე შეთავაზებული იყო.

კინომემორაბილიის 100-ზე მეტი ლოტის ნახვა მსურველებს ლონდონში, Cumberland Hotel-ში, 19-დან 22 ნოემბრამდე დაგეგმილ წინასწარ გამოფენაზე შეეძლებათ.

✕