მარიამ შუკაკიძის ყოფილი მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1775678204
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ისრაელთან კოორდინაციით“ მოხდა.
როგორც ისრაელის მთავრობის მეთაურმა სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, ეს არ არის კამპანიის დასასრული, არამედ ეს ერთი ეტაპია ყველა მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანი მოლაპარაკებებს იწყებს უფრო სუსტი პოზიციიდან, ვიდრე ოდესმე.
მისივე თქმით, თეირანი ჰორმუზის სრუტეს მას შემდეგ ხსნის, რაც უარი თქვა ყველა მოთხოვნაზე, მათ შორის, სანქციების მოხსნაზე, კომპენსაციაზე, ომის მუდმივ დასრულებაზე და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზე.
ვიდეომიმართვაში, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს „კიდევ მეტი მიზანი აქვს შესასრულებელი“.
„ჩვენ მათ მივაღწევთ, ან შეთანხმების გზით, ან განახლებული ბრძოლით“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ისრაელი „ნებისმიერ დროს მზად არის, ბრძოლას დაუბრუნდეს“.
„ჩვენ თითი სასხლეტზეა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამავე მიმართვაში, ნეთანიაჰუმ ისრაელის საზოგადოებას გამძლეობისთვის მადლობას გადაუხადა.
„ჩვენ ერთად მივაღწიეთ მასშტაბურ წარმატებას. ჩვენმა მებრძოლებმა ფრონტზე და თქვენ – ზურგში“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, „საბოლოო შედეგი“ არის ის, რომ „ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ირანი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე“.