ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან - სამოქმედო გეგმა
1790712944
ბელგიის თავდაცვის მინისტრი ტეო ფრანკენი აცხადებს, რომ ევროპა უახლოეს თვეებში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების ახალი ტალღისთვის უნდა მოემზადოს და კონტინენტს მძიმე ზამთარი ელოდება.
ბრიუსელში Euronews-ის ჟურნალისტთან საუბრისას ფრანკენმა რუსეთი ბელგიის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. წელს ბელგიაში დრონებთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რომელთაგან ზოგიერთმა საჰაერო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია.
„რუსეთი, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები, საჰაერო თავდასხმები. ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვჭირდება საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა, საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა ფრანკენმა.
მისი თქმით, რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ევროპას უკრაინული ტექნოლოგიები სჭირდება.
„გვჭირდება მეტი მარაგი, მეტი წარმოება, წარმოების მასშტაბების გაზრდა და ძლიერი სამრეწველო ბაზა. ყველაფერი უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს. უახლოეს თვეებში ჰიბრიდული საფრთხეების შემცველი ქმედებები კიდევ უფრო გახშირდება. ევროპისთვის ბნელი ზამთარი იქნება“, - განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა.
ფრანკენის თქმით, რუსეთს ჰიბრიდული თავდასხმების მიმართულებით 50-წლიანი გამოცდილება აქვს და ბელგიამ ტექნოლოგიური განვითარების ტემპს ფეხი უნდა აუწყოს.
„არ მინდა, სადმე 200 000 დრონი გვქონდეს შენახული და ორი თვის შემდეგ მათი გამოყენება ვეღარ შეგვეძლოს, რადგან მოძველებული იქნება. ამიტომ ადაპტაცია გვჭირდება“, - აღნიშნა მან.
ფრანკენის განცხადებით, ბელგია წლების განმავლობაში თავდაცვაში არასაკმარის ინვესტიციას ახორციელებდა, თუმცა ახლა ქვეყანა თავდაცვის ხარჯების გაზრდას ცდილობს.
„ჩვენ ნატოს კლასში ყველაზე ცუდი მოსწავლე ვიყავით. თავდაცვაზე მშპ-ის მხოლოდ 1%-ს ვხარჯავდით“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა.
თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 18 თვეში ბელგია ვერ გააკეთებს იმას, რაც 40 წლის განმავლობაში უგულებელყოფილი იყო.
ფრანკენმა აღნიშნა, რომ ბელგიას ამჟამად ევროკავშირში ყველაზე მაღალი სახელმწიფო ვალი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საბიუჯეტო მდგომარეობა აქვს. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მთავრობა თავდაცვის ხარჯების გაზრდის ვალდებულებას ინარჩუნებს.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თავდაცვაზე მშპ-ის 5%-ის გამოყოფა ბელგიისთვის რეალისტური არ იქნება.