ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა, მას შემდეგ, რაც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა

ბილ უაით

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევოსმა აშშ-ის ელჩი ბილ უაითი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა მას შემდეგ, რაც მან ბელგია ანტისემიტიზმში დაადანაშაულა და ჯანდაცვის მინისტრის, ფრანკ ვანდენბრუკეს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ნებისმიერი ვარაუდი, რომ ბელგია ანტისემიტური ქვეყანაა, ცრუ, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ბელგია კატეგორიულად გმობს ანტისემიტიზმს. ბელგიელი მინისტრის მიმართ პირადი თავდასხმები და სასამართლო საკითხებში ჩარევა ფუნდამენტურ დიპლომატიურ ნორმებს არღვევს. ელჩი სამშაბათს დაუყოვნებლივ დავიბარეთ შეხვედრაზე“, – განაცხადა პრევოსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა ბილ უაითმა მკვეთრად გააკრიტიკა ანტვერპენში სამი ებრაელის მიმართ დაწყებული საქმის გამოძიება. მამაკაცები ეჭვმიტანილები არიან წინადაცვეთის პროცედურების ექიმის თანდასწრების გარეშე ჩატარებაში, რაც ბელგიის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ელჩმა უაითმა ბელგიისგან მოითხოვა რელიგიური პირების „უაზრო და ანტისემიტური დევნის“ დაუყოვნებლივ დასრულება. მან ასევე მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრ ფრენკ ვანდენბრუკს ჩარევისკენ. გარდა ამისა, უაითმა ვანდენბრუკს „ძალიან უხეში“ უწოდა და განაცხადა, რომ მათი პირველი შეხვედრის დროს მინისტრმა, უარი თქვა მისთვის ხელის ჩამორთმევაზე ან ფოტოს გადაღებაზე, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ მისი ანტიპათიის გამო.