1731519914
ბავშვებზე ძალადობის საქმე და სკანდალი ინგლისის ეკლესიაში - კენტერბერის არქიეპისკოპოსი თანამდებობას დატოვებს
ბავშვებზე ძალადობის საქმესთან ინგლისის ეკლესიის კავშირის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ ველბიმ განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, გამოძიებამ დაადგინა, რომ ველბიმ 2013 წელს პოლიციას არ შეატყობინა ადვოკატისა და მქადაგებლის, ჯონ სმიტის მიერ ბავშვებსა და მამაკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.
„ნათელია, მე უნდა ვიღებდე როგორც პირად, ასევე ინსტიტუციურ პასუხისმგებლობას. მიმაჩნია, რომ გადადგომა ინგლისის ეკლესიის საუკეთესო ინტერესებშია. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად უდგება ინგლისის ეკლესია ცვლილებების აუცილებლობას და ჩვენს ღრმა ვალდებულებას, შევქმნათ უსაფრთხო ეკლესია“, – განაცხადა ჯასტინ ველბიმ.
პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესმდივანმა განაცხადა, რომ პრემიერი პატივს სცემს მიღებულ გადაწყვეტილებას და მისი ფიქრები ყველა მსხვერპლთანაა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დატოვებს არქიეპისკოპოსი თანამდებობას, თუმცა შემცვლელის მოძიების პროცესი სავარაუდოდ, სულ მცირე, ექვს თვეს გაგრძელდება.
ცნობისთვის, ჯონ სმიტი იყო ცნობილი ადვოკატი და მქადაგებელი, რომელიც ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის საზაფხულო ბანაკებს მართავდა. ანგარიშის თანახმად, მან 1970-80-იან წლებში ბანაკებში გაცნობილი 30-მდე ბიჭზე იძალადა შემდგომში სმიტი ზიმბაბვეში, ხოლო მოგვიანებით სამხრეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც სავარაუდოდ კიდევ 85-100-მდე 13-დან 17 წლამდე ასაკის ბიჭზე” იძალადა. იგი 2018 წელს კეიპტაუნში გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.