ბარსელონაში არეულობის დროს 100-მდე ადამიანი დააკავეს

ბარსელონა

ბარსელონაში არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დააკავეს. როგორც El País და Betevé იუწყებიან, სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოწოდება ქალაქის ცენტრში შესვლის შესახებ, რასაც ასობით ახალგაზრდა გამოეხმაურა. არეულობა დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პროტესტის ზუსტი მიზანი უცნობია.

ქალაქში წვავდნენ ნაგვის კონტეინერებს, ამტვრევდნენ ქუჩის ინვენტარს, ველოსიპედებსა და მოტოციკლებს, ძარცვავდნენ მაღაზიებს. პოლიციამ დაახლოებით 100 დაკავებულის შესახებ განაცხადა, რომელთა მეოთხედი არასრულწლოვანია.

„ძალადობას კატალონიაში ადგილი არ აქვს. არასდროს. პროტესტი დემოკრატიული უფლებაა. მაგრამ თავდასხმები, დაშინება და ქონების დაზიანება ასეთი არ არის“, - განაცხადა კატალონიის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სოციალისტმა სალვადორ ილიამ.

ქალაქის მერმა, ჟაუმე კოლბონიმ განაცხადა, რომ მომხდარი უპასუხოდ არ დარჩება, თანაც არასრულწლოვნების გამო პასუხს მათი მშობლები აგებენ. „ჩვენ არ დავუშვებთ ქალაქის დანგრევას“, - თქვა მან.

✕