1791956907
აზერბაიჯანის მმართველი პარტია: თურქეთის მმართველ პარტიასთან დაახლოებული საინფორმაციო რესურსები აზერბაიჯანის შესახებ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, აუცილებელია მკაფიო პოზიციის გამოხატვა
აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველს, სარალ ოქთაის აგრესიულ საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობაში და ცილისწამებაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთში არაერთი მედიასაშუალება და სოციალური ქსელის პლატფორმა, მათ შორის თურქეთის მმართველ პარტიასთან სიახლოვით ცნობილი საინფორმაციო რესურსები, უკვე დიდი ხანია, ავრცელებს აზერბაიჯანის შესახებ მცდარ, მიკერძოებულ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რის გამო აუცილებელია მკაფიო პოზიციის გამოხატვა.
აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადების თანახმად, ბაქო, უპირველეს ყოვლისა, კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯან-ისრაელის ურთიერთობების განზრახ დამახინჯების, ამ კავშირების „განსაკუთრებულად“ წარმოჩენისა და მათი აზერბაიჯანის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრალდებების საფუძვლად გამოყენების მცდელობებს.
განცხადების თანახმად, ილჰამ ალიევმა უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს პალესტინის საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს შესაბამისი რეზოლუციების საფუძველზე, „ორი სახელმწიფოს“ პრინციპის გათვალისწინებით, სადაც აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია.
„ისლამურ სამყაროში არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, სხვა მუსლიმურ ხალხებს საკუთარი ნება თავს მოახვიოს, მათ საშინაო საქმეებში ჩაერიოს ან თავი სხვებზე აღმატებულად მიიჩნიოს. მუსლიმური სამყაროს ერთიანობისთვის ზრუნვის დეკლარირება უნდა ხდებოდეს თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობით და არა ჰეგემონური მისწრაფებებით. აზერბაიჯანელი ხალხი ისტორიულად ეწინააღმდეგებოდა იმპერიალიზმს, კოლონიალიზმსა და ნეოკოლონიურ მიდგომებს. ეს პრინციპული პოზიცია დღემდე უცვლელია. ღრმა სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, ოქთაი სარალმა და მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პარლამენტის წევრებმა გააკეთეს პოპულისტური და უპასუხისმგებლო განცხადებები, საკითხის არსის, აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობისა და ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინების გარეშე. მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არსებული ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას და შესაძლოა, საზოგადოებრივ სივრცეში ხელოვნური დაძაბულობის შექმნას შეუწყოს ხელი. განათლების სფეროში მოქმედი რეგულაციები ეფუძნება თანასწორობის, სეკულარიზმის, კანონის უზენაესობისა და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პრინციპებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა. აღნიშნული პრინციპი თურქეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მიუღებელია, რომ აზერბაიჯანის სეკულარული სახელმწიფო წყობა და საგანმანათლებლო პოლიტიკა პოლიტიკური მანიპულაციის საგანი გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანის მმართველი პარტიის განცხადების მიხედვით, თურქეთში რელიგიურ და საერო ღირებულებებთან დაკავშირებული პოლიტიკური დებატები საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს და ისეთი მგრძნობიარე საკითხების, როგორიცაა თავსაბურავი, პოლიტიკური მანიპულაციისა და განხეთქილების იარაღად გამოყენება არც თურქი ხალხის ერთიანობას ემსახურება და არც მთლიანად მუსლიმური სამყაროს სოლიდარობას.
„განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი საკითხების გამოყენება აზერბაიჯანზე პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად. მოვუწოდებთ თურქეთის მამრთველ პარტიას, თავი შეიკავოს ამ დამაზიანებელი პოლიტიკისგან. აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების მორალურ და პოლიტიკურ საფუძველს წარმოადგენს ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მიერ დამკვიდრებული პრინციპი – „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“. თუმცა, არ უნდა მოხდეს ამ ისტორიული ფრაზის არსის დამახინჯება. იგი გულისხმობს სწორედ ერთ ერსა და ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის საშინაო საქმეებში ჩარევას ან მისთვის საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიდგომების თავსმოხვევას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„ახალი აზერბაიჯანის“ განცხადების თანახმად, „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებს, თავიანთ განცხადებებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და პატივი სცენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებასა და საშინაო საქმეებს.
„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის შესაბამისი პოლიტიკური წრეები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებიდან და თავს შეიკავებენ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ზიანი მიაყენოს აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე თურქთის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოქთაი სარალმა გაკრიტიკა აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება სკოლებში ჰიჯაბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით. ოქთაის სარალის თქმით, დაუშვებელია იმ მოსწავლეების განათლების უფლების შეზღუდვა, რომლებიც თავსაბურავს ატარებენ.
„რა სინდისი ან სამართლიანობის გრძნობა იძლევა იმის უფლებას, რომ სკოლის კართან უკან გააბრუნონ მოსწავლე, რომელიც თავს რელიგიური რწმენის გამო იფარავს? თავსაბურავი დაბრკოლება არ არის; ეს რწმენის მოთხოვნაა! განათლების მიღების უფლება არ შეიძლება შეეწიროს რაიმე სახის იდეოლოგიურ კარნახს! ჩვენ ველით, რომ აზერბაიჯანი დაუყოვნებლივ გამოასწორებს ამ შეცდომას. ჩვენ ახალგაზრდებს მომავლისკენ გზა უნდა გავუკვალოთ და არა — დაბრკოლებები შევუქმნათ. დღევანდელ ეპოქაში მსგავსი მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული“, – აღნიშნა ოქთაი სარალმა.
აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. 2026 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო ცვლილებები სასკოლო ჩაცმულობის წესებში, რომლებიც კრძალავს ისეთ ტანსაცმელს, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის „სეკულარულ (საერო) პრინციპებს“ ან ოფიციალურ სასკოლო უნიფორმას.











