აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებში ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებზე პროგრესს მივაღწიეთ - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, ირანმა და შეერთებულმა შტატებმა შეთანხმებას მიაღწიეს ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებული დავის მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების ძირითად „სახელმძღვანელო პრინციპებზე“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა გარდაუვალია.

„წარმოდგენილია სხვადასხვა იდეა, ეს იდეები სერიოზულად განვიხილეთ და საბოლოოდ ჩვენ შევძელით ზოგადი შეთანხმების მიღწევა ზოგიერთ სახელმძღვანელო პრინციპზე“, - განუცხადა არაღჩიმ ირანულ მედიას ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ირანი მომდევნო ორი კვირის განმავლობაში წარადგენს დეტალურ წინადადებებს ბირთვულ საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

„პროგრესი მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დეტალია განსახილველი“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალ-ბუსაიდიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებები საერთო მიზნებისა და შესაბამისი ტექნიკური საკითხების განსაზღვრის მიმართულებით კარგი პროგრესით დასრულდა.

შეგახსენებთ, გუშინ ჟენევაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით გაიმართა.