აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში მუშაობის უფლება

ტრამპის ადმინისტრაცია

აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ, ტიმოთი კელიმ, ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, დაუყოვნებლივ აღადგინოს „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებისთვის თეთრ სახლში წვდომა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შენობაში შესვლა აუკრძალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჟურნალისტებისთვის პრესის აკრედიტაციების გაუქმება „კონსტიტუციურად ადეკვატური სამართლებრივი პროცედურის“ გარეშე განხორციელდა. კელის თქმით, ჟურნალისტებს აკრედიტაციის გაუქმებამდე წინასწარი შეტყობინებისა და საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

„ზოგადი წესის თანახმად, პირებმა უნდა მიიღონ წინასწარი შეტყობინება და მიეცეთ საკუთარი პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა, ვიდრე მთავრობა მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებას ჩამოართმევს“, – აღნიშნა მოსამართლემ.

ცნობისთვის, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავდა. მან გადაწყვეტილება მედიასაშუალებების მიერ „ყალბი ამბებისა“ და „ტყუილების“ გავრცელების ბრალდებით ახსნა.