აშშ-ში ე.წ. შათდაუნის გამო ავიადისპეტჩერები სამსახურიდან მიდიან, რადგან ანაზღაურებას ვერ იღებენ - მედია

ავიადისპეტჩერები

აშშ-ში ე.წ. შათდაუნის გამო დღეს დაგეგმილი 800-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.

ეროვნული საჰაერო მოძრაობის ავიადისპეტჩერების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან, რადგან მათ 37 დღის განმავლობაში ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ეს კვირაში 60 სამუშაო საათია. დღეს ერთ-ერთი დისპეტჩერი ბინიდან გამოასახლეს“, – განაცხადა ნიკ დენიელსმა.

როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ში, 527 აეროპორტში დაახლოებით 14 000 დისპეტჩერი მუშაობს. ისინი ყოველწლიურად 16 000 000-ზე მეტ რეისს ასრულებენ, ეს კი დღეში დაახლოებით 44 000 ავიარეისია. პიკის საათებში დისპეტჩერები პასუხისმგებლები იყვნენ ერთდროულად 5 000-ზე მეტი რეისის უსაფრთხოდ მართვაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი, რაც დაფინანსების შეწყვეტის გამო ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერებას ნიშნავს, 1-ლი ოქტომბრიდან გამოცხადდა. ამის მიზეზი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის ბიუჯეტის ახალ პროექტთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობაა. უთანხმოების მთავარი მიზეზი ჯანდაცვის ხარჯებია.