აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

კარიბის ზღვა

აშშ-მა კარიბის ზღვაში დააკავა ტანკერი Olina, რომელსაც ვენესუელის სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დაკავებული გემი აღმოსავლეთ ტიმორის დროშის ქვეშ ცურავდა. მან ვენესუელა დატოვა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გემის დაკავების ოპერაციაში ავიამზიდ USS Gerald R. Ford-ის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა. დაკავებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

„დღეს დილით ჩვენმა გაერთიანებულმა უწყებათაშორისმა ძალებმა კვლავ გააგზავნეს მკაფიო სიგნალი: „ბოროტმოქმედები უსაფრთხო ადგილს ვერ მონახავენ“, - აღნიშნულია სამხრეთ სარდლობის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ატლანტის ოკეანეში ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული გემი სახელწოდებით Marinera დააკავეს.