აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სასტიკ რეპრესიებში ჩართულ ირანელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა - სკოტ ბესენტი

სკოტ ბესენტი

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებში ჩართულ ირანელ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

როგორც ბესენტმა განმარტა, სანქცირებულ პირებს შორისაა ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი. ბესენტის თქმით, ლარიჯანი ერთ-ერთი პირველი ირანელი ლიდერი იყო, რომელიც ირანელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების საპასუხოდ ძალადობის მოწოდებით გამოვიდა.

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ირანელ ხალხს მათ მოწოდებაში თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებში ჩართულ ირანელ ლიდერებს. სახაზინო დეპარტამენტი გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების ტირანული ჩაგვრის უკან მდგომი პირების დასასჯელად“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ამასთან, აშშ-ის სახაზინო მდივნის ცნობით, სანქციები დაუწესდა 18 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ირანის ნავთობისა და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორისო გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების გათეთრებაში. მისივე განმარტებით, ეს პირები მუშაობენ სანქცირებული ირანული საბანკო ინსტიტუტების – Bank Melli-სა და Shahr Bank-ის – საიდუმლო „ჩრდილოვანი საბანკო ქსელის“ ფარგლებში. როგორც აშშ-ის სახაზინო მდივანი განმარტავს, ეს შემოსავლები გამოიყენებოდა ადამიანების წინააღმდეგ რეპრესიებისა და საზღვარგარეთ ტერორისტული ჯგუფების დასაფინანსებლად.