არსებობს არასათანადო გაგებისა და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში - ჯორჯია მელონი

ჯორჯია მელონი

ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ ტარიფების დაწესების მუქარას შეცდომას უწოდებს იტალიის მთავრობის მეთაური. ჯორჯია მელონის თქმით, ის ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება არასათანადოდ მკაფიო კომუნიკაციის შედეგია. მისივე თქმით, გრენლანდიის გარშემო შექმნილი ვითარება NATO-ს ჩარჩოში უნდა განიხილებოდეს.

იტალიის მთავრობის მეთაურის თქმით, ის იზიარებს აშშ-ის შეშფოთებას არქტიკის რეგიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს რეგიონი გადამწყვეტია სტრატეგიული თვალსაზრისით.

"ტარიფების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, წვლილი შეიტანონ გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მივიჩნევ შეცდომად და ასეთ მიდგომას არ ვიზიარებ. ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ეს ვუთხარი. ასევე, ვესაუბრე NATO-ს გენერალურ მდივანს და ვაპირებ, ველაპარაკო ევროპელ პარტნიორებს. არსებობს არასათანადო გაგების და კომუნიკაციის პრობლემა, რადგან ევროპის ქვეყნების მიერ გრენლანდიაში სამხედროების გაგზავნის ინიციატივა არ უნდა განიხილებოდეს ანტიამერიკულ კონტექსტში", - აცხადებს ჯორჯია მელონი.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 10%-იანი ტარიფები, აშშ-ში გაგზავნილ ნებისმიერ საქონელზე, დაუწესდება: დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, ნიდერლანდებსა და ფინეთს. ბრძანება კი ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა.

"ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან საშიშ თამაშს თამაშობენ, რისკის ისეთ დონეზე აიყვანეს საქმე, რომელიც არ არის მდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ღონისძიებების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და ყოველგვარი კითხვის გარეშე დასრულდეს", - აცხადებს დონალდ ტრამპი.