არაბული და მუსულმანური ქვეყნები ტრამპის გეგმას ღაზაში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მიესალმებიან

არაბული და მუსულმანური ქვეყნები

რვა არაბული და მუსულმანური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმას ღაზის სექტორში კონფლიქტის დასრულებისა და მშვიდობის დაბრუნების შესახებ მიესალმებიან. ინფორმაციას Th Times of Israel-ი ავრცელებს.

განცხადებას ხელს აწერენ საუდის არაბეთის, იორდანიის, გაერთიანებულ არაბთა საამიროების, ინდონეზიის, პაკისტანის, თურქეთის, კატარისა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრები.

აღსანიშნავია, რომ დაჯგუფება „ჰამასს“ ტრამპის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია, თუმცა, როგორც მისმა წარმომადგენელმა კატარსა და ეგვიპტეს განუცხადა, „პასუხისმგებლობით“ განიხილავს წინადადებას.

არაბული და მუსულმანური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რეგიონში მშვიდობის დამყარების კუთხით შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

ცნობისთვის, გუშინ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტის დასრულების გეგმა შეიმუშავა. მოგვიანებით გეგმა, რომელიც ღაზის სექტორიდან ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) ეტაპობრივად გასვლას და „ჰამასის“ მიერ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლებას გულისხმობს, თეთრმა სახლმა გაასაჯაროვა.