ოქრო ისევ გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1773679238
არ შეიძლება, რომ ევროკავშირმა უკრაინის ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ანტონიუ კოშტასთან სატელეფონო საუბარი 45 წუთს გაგრძელდა და მისი უმეტესი ნაწილი უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბას“ აღდგენის საკითხს დაეთმო.
„სლოვაკეთის მთავრობას არ შეუძლია, შეეგუოს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ნავთობის ტრანზიტის შეჩერების ცალმხრივ და მავნე ნაბიჯს და ელოდება, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ზეწოლას მოახდენენ უკრაინის ხელმძღვანელობაზე რუსული ნავთობის ნაკადის აღსადგენად, რომლის მიღების უფლებაც 2027 წლის ბოლომდე გვაქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებს არ შეუძლიათ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის, უკრაინის, ინტერესები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ინტერესებზე მაღლა დააყენოს“, – წერს ფიცო.
ამასთან, როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სატელეფონო საუბრისას გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებისა და სახელმწიფოების მეთაურების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ევროკომისიამ ამ დრომდე არ წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები ელექტროენერგიის ფასების შემცირების შესახებ.