1770671781
არ დავუშვებ ონტარიოსა და მიჩიგანს შორის ხიდის გახსნას, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა აშშ-ს სამართლიანობითა და პატივისცემით - ტრამპი
აშშ დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს კანადასთან იმის შესახებ, გასცენ თუ არა ნებართვა ონტარიოსა და მიჩიგანს შორის მშენებარე გორდი ჰოუს საერთაშორისო ხიდის მშენებლობისთვის. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვიდრე შეერთებული შტატები სრულად არ მიიღებს კომპენსაციას ყველაფრისთვის, რაც კანადას მისცა და ასევე, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა შეერთებულ შტატებს სამართლიანობითა და პატივისცემით, ხიდის გახსნის უფლებას არ მისცემს.
„როგორც ყველამ იცის, კანადა აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდა. ახლა ვითარება ამერიკის სასარგებლოდ იცვლება და ძალიან სწრაფად! მაგრამ წარმოიდგინეთ, კანადა აშენებს უზარმაზარ ხიდს ონტარიოსა და მიჩიგანს შორის. მათ ეკუთვნით როგორც კანადის, ისე შეერთებული შტატების მხარე და, რა თქმა უნდა, ააშენეს პრაქტიკულად ამერიკული პროდუქტების გარეშე. პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ სულელურად მისცა მათ გამონაკლისი, რათა არ გამოეყენებინათ არცერთი ამერიკული პროდუქტი, მათ შორის ჩვენი ფოლადი. ახლა კანადის მთავრობა ელოდება, რომ მე, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, უბრალოდ ნება დავრთო მათ, მიიღონ სარგებელი ამერიკის ხარჯზე. რას მიღებს ამერიკის შეერთებული შტატები – აბსოლუტურად არაფერს! ონტარიო არც კი აწყობს ჩვენს სპირტიან სასმელებსა და სხვა ალკოჰოლურ პროდუქტებს თავის თაროებზე, მათ ამის გაკეთება ეკრძალებათ და ახლა, სხვა ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრ კარნის სურს ჩინეთთან გარიგება — რომელიც კანადას ცოცხლად შეჭამს. ჩვენ მხოლოდ ნარჩენებს მივიღებთ! არ მგონია. მე არ დავუშვებ ამ ხიდის გახსნას, ვიდრე შეერთებული შტატები სრულად არ მიიღებს კომპენსაციას ყველაფრისთვის, რაც მივეცით და ასევე, რაც მთავარია, ვიდრე კანადა არ მოეპყრობა შეერთებულ შტატებს სამართლიანობითა და პატივისცემით, რასაც ვიმსახურებთ. ვიწყებთ მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მათ მივეცით, ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, სულ მცირე, ამ აქტივის ნახევარი. აშშ-ის ბაზრის შედეგად მიღებული შემოსავლები ასტრონომიული იქნება“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.












