2027 წლის ყველაზე იღბლიანი ფერი ცნობილია - როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ახალი წლისთვის
1793391958
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გვიან ღამით საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
დემონსტრანტები სასამართლოს თავმჯდომარის ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შეჩერებას აპროტესტებდნენ. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრანტების ნაწილმა სასამართლოს შენობის ღობე გაარღვია, სხვებმა კი სამართალდამცველებს სხვადასხვა საგანი ესროლეს.
როგორც Associated Press-ი წერს, მომხდარის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ სენეგალში ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
„ასეთ ვითარებაში პრეზიდენტი პოლონეთში უნდა იმყოფებოდეს. სენეგალში ვიზიტს ვწყვეტ და უკან ვბრუნდები“, - დაწერა ნავროცკიმ სოციალურ ქსელ X-ში.
პოლონეთის სასამართლო სისტემის უმაღლესი ინსტიტუტები, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, მმართველ პროევროპულ ძალებსა და მთავარ ოპოზიციურ პარტია „კანონსა და სამართლიანობას“ (PiS) შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, წერს სააგენტო.
პოლონეთსა და ევროკავშირში კრიტიკოსები PiS-ს, რომელიც ქვეყანას 2015-დან 2023 წლამდე მართავდა, მნიშვნელოვან სასამართლო ინსტიტუტებზე, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოზე, პოლიტიკური კონტროლის დამყარებაში ადანაშაულებენ. პარტიის მიერ გატარებული სასამართლო რეფორმების გამო ევროკავშირმა პოლონეთს ფინანსური სანქციები დაუწესა.
დონალდ ტუსკის პროევროპული მთავრობა ხელისუფლებაში 2023 წელს მოვიდა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აღდგენა მთავარ დაპირებად დაასახელა. თუმცა, ამ მიმართულებით მთავრობის მცდელობებს ვეტოს უფლებით ორი პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა, რომლებიც PiS-თან იყვნენ დაკავშირებული. მათ შორისაა მოქმედი პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბოგდან სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ვებგვერდი გაითიშა და Associated Press-მა უფლებამოსილების შეჩერების ოფიციალური მიზეზების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
სვენჩკოვსკი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი PiS-ის მმართველობის პერიოდში გახდა. დონალდ ტუსკი მას პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეული მოსამართლეებისთვის სასამართლოში მუშაობის დაწყების ხელშეშლაში ადანაშაულებს.
„კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი ვალდებულებაა. PiS-ის მმართველობის წლებში არსებული მრავალწლიანი უკანონობის შემდეგ ეს რთული პროცესია, ზოგჯერ მტკივნეულიც და გადამწყვეტ მოქმედებებს მოითხოვს. სხვა გზა არ არსებობს“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში.
სვენჩკოვსკის უფლებამოსილების შეჩერება გააკრიტიკეს ოპოზიციური PiS-ის წარმომადგენლებმაც. პოლონეთის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომ მომხდარს „კონსტიტუციურ წესრიგზე აშკარა, დანაშაულებრივი თავდასხმა“ უწოდა და მხარდამჭერებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ წინააღმდეგობისკენ, რომელიც იქნება ხმამაღალი, მტკიცე, სოლიდარული და უშიშარი“, - დაწერა ზიობრომ X-ზე.