ანდრეი სიბიგა: ჩვენთვის ევროკავშირში წევრობა უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი, მნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანია, ეს პროცესი არ შეიძლება, ერთი ქვეყნის მიერ მძევლად იყოს აყვანილი

ანდრეი სიბიგა

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ ევროპელ კოლეგებს უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათ რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მიღწევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭირო ზეწოლა, ზეწოლა და კიდევ ერთხელ ზეწოლა. ეს ერთადერთია, რაც პუტინს ესმის“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრეი სიბიგამ დაადასტურა, რომ კიევი მზადაა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის ან აშშ-ის პრეზიდენტის მონაწილეობით სამმხრივი ფორმატისთვის. სიბიგას მიაჩნია, რომ ასეთი შეხვედრა შედეგიანი უნდა იყოს. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ნამდვილი სამშვიდობო პროცესის მთავარ ელემენტად რჩება.

ამასთან, როგორც სიბიგამ განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-19 პაკეტს ყველა შანსი აქვს, გახდეს ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი. მისივე თქმით, სანქციების მიღება ევროკავშირის სიძლიერის, ერთიანობის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება და თავად გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსი დიპლომატების მიმართ შეზღუდვების გამკაცრების მნიშვნელობაზე და ამ ზომას უწოდა „სწორი პასუხი ევროპაში რუსეთის ჰიბრიდული ქმედებების ესკალაციაზე“.

მინისტრმა მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ფონზე, ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობებისა და აღჭურვილობის მიწოდებით დაეხმაროს უკრაინას ომის პირობებში მეოთხე ზამთრის გადატანაში. მან ასევე დაადასტურა უკრაინის მზადყოფნა ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზების განვითარებისთვის, კერძოდ, ამერიკული თხევადი აირის.

ანდრეი სიბიგამ ასევე მოუწოდა ევროპელ კოლეგებს, რაც შეიძლება სწრაფად განბლოკონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და დაიწყოს პირველ კლასტერზე მუშაობა.

„ჩვენთვის ევროკავშირში წევრობა უსაფრთხოების გარანტიების ელემენტი და მნიშვნელოვანი სტრატეგიული არჩევანია. ეს პროცესი, არ შეიძლება, ერთი ქვეყნის მიერ მძევლად იყოს აყვანილი. ევროკავშირში ინტეგრაციის განბლოკვა შესაძლებელია ნებისმიერი პროცედურის გამოყენებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.