ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო - CBS

კროკუსი

ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და ამაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS-ი სადაზვერვო უწყებებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

„ნოემბრიდან მოყოლებული არსებობდა ინფორმაცია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ რუსეთში თავდასხმის განხორციელება სურს“, - ამბობს CBS-ის წყარო.

მისივე თქმით, მიუხედავად ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული ცივი ურთიერთობებისა, გარკვეული სახის ინფორმაცია ამერიკულმა მხარემ რუსეთის ხელისუფლებას გააცნო.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი 22 მარტს გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წინასწარი მონაცემებით „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.