სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
სამთავრობო პირებისთვის გულგრილობა ხშირად პროფესიულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ალბანეთმა ეს საკითხი AI მინისტრის დახმარებით დადებით მახასიათებლად აქცია. ოღონდ ხელოვნური ინტელექტების მინისტრი არ გეგონოთ, საბჭოს ჩვეულებრივი წევრია, უფრო სწორად ახალი კაბინეტის AI წევრი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ არჩევნებში მეოთხედ გამარჯვებიდან 4 თვის თავზე წარადგინა და მოქალაქეებს დიელას სახელით გააცნო.
აღნიშნული ოფიციალურზე მეტად სიმბოლური სვლა იყო, რადგან ალბანეთის კონსტიტუციის თანახმად, მინისტრები მენტალურად კომპეტენტური, 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეიძლება იყვნენ… როგორც ამბობენ, ბოტის უპირატესობა, ადამიანებთან შედარებით, უკვე ცალსახად იკვეთება.
დიელა ალბანურად მზეს ნიშნავს და მისი როლი სახელმწიფოში „ქვეყანაში არსებული საჯარო ტენდერების კორიფციისგან 100%-ით გათავისუფლებაა“.
„შესანიშნავ გუნდთან ერთად ვმუშაობთ, რომელიც მხოლოდ ალბანელებისგან კი არ შედგება, არამედ საერთაშორისოა, რათა სახელმწიფო შესყიდვებისთვის პირველი სრულყოფილი AI მოდელი შევქმნათ. ასე არა მხოლოდ აღმოვფხვრით საჯარო ტენდერებზე არსებულ პოტენციურ გავლენას, არამედ პროცესს მეტად სწრაფს, ეფექტურსა და პასუხისმგებლობიანს გავხდით“, — განმარტავს პრემიერ-მინისტრი.
აღსანიშნავია, რომ დიელა მთავრობაში დანიშვნამდეც მუშაობდა ალბანეთში, AI ვირტუალური ასისტენტის როლს ირგებდა და აპლიკანტებს ოფიციალური დოკუმენტების შეგროვებაში ეხმარებოდა. როგორც გვეუბნებიან, მილიონზე მეტ აპლიკანტს დაეხმარა, მაგრამ მისი ხედვა AI-ის მთავრობაში ჩართვის შესახებ, გაცილებით გრანდიოზული იყო, ვიდრე უბრალოდ ჩეტბოტის. უფრო დიდი, განვითარებული ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდა, რომლებიც კვლავ ინარჩუნებდნენ მუშაობის ტრადიციულ გზებს…
რაღა თქმა უნდა, AI მინისტრის დანიშვნის ირგვლივ არსებული რეაქციები არაერთგვაროვანია — ოპოზიციური დემოკრატიული პარტია ინიციატივას სასაცილოსა და არაკონსტიტუციურს უწოდებს, თუმცა სხვები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი:
„AI ჯერ კიდევ ახალი ხელსაწყოა, მაგრამ თუ სწორად დააპროგრამებთ, მკაფიოდ ნახავთ, კომპანია აკმაყოფილებს თუ არა საჭირო პირობებსა და კრიტერიუმებს. მართალია, ბევრი რამ დევს სასწორზე, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან მთავარი წინაპირობა კორუფციასთან ბრძოლაა. ხოლო თუ დიელა არის მექანიზმი ამ მიზნის მისაღწევად, ცდად ნამდვილად ღირს“, - აცხადებს ანდი ჰოხჰაჯი, ანტიკორუფციის ექსპერტი King’s College London-დან.
მართალია, არც ედი რამა უარყოფს ამ ამბის უკან არსებულ პიარის მიზნებს, მაგრამ მაინც, ამ „ხუმრობის“ უკან სერიოზული განზრახვები იმალება — „კაბინეტის სხვა წევრებსა და ეროვნულ სააგენტოებს წნეხის ქვეშ აყენებს, რათა იმუშაონ და იფიქრონ განსხვავებულად. ეს უდიდესი უპირატესობაა, რომელსაც ამ მინისტრისგან ველით“.